|

მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ
"მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" წარმოადგენს პროექტს, რომელიც განხორციელდა წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანიის ფარგლებში. აცრები ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
"მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებისათვის ჩატარდა პრესტურები და სემინარები საქართველოს რეგიონულ ქალაქებში - ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, 20 ოქტომბერს კი პროექტი თბილისში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში პრესტურითა და სემინარით დაგვირგვინდა.
პროექტი მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენელთა აღჭურვას წითელა-წითურას ვირუსთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაციით და მათთვის იმ რეალური საფრთხის წარმოჩენას, რომელიც თავს იჩენს მოსახლეობის მხრიდან აცრების უგულებელყოფის გამო, რაც პირველ რიგში არასრულფასოვანი ინფორმაციის ფლობითაა გამოწვეული.
სემინარებს იმუნიზაციის საკითხში სპეციალიზირებული ექსპერტები, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ჟურნალისტების მხრიდან აცრებთან დაკავშირებით დიდი ინტერესი და ჩართულობა იგრძნობოდა, რაც შეკითხვების აქტიურად დასმასა და საკითხის უფრო ღრმად შესწავლის სურვილში გამოიხატებოდა.
პროექტის ფარგლებში, გარდა ინფორმაციული მხარისა, მოხდა მედიის წარმომადგენელთათვის თემასთან დაკავშირებული ბეჭდური მასალების, სასაჩუქრე პაკეტების და გაეროს ბავშვთა ფონდის სერთიფიკატების გადაცემა.
საბოლოო ჯამში პრესტურებსა და სემინარებში მონაწილეობა 52-მა ჟურნალისტმა მიიღო, ჟურნალისტების ინფორმაციულმა მზადყოფნამ კი შესაძლებელია არა მხოლოდ ხელი შეუწყოს იმუნიზაციის პროცესს, არამედ არა ერთი სიცოცხლეც იხსნას.
ზემოაღნიშნული პრესტურებისა და სემინარების ორგანიზება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით საკონსულტაციო კომპანია "Publicity Group"-მა უზრუნველყო.
###
მსოფლიოში წითელასაგან ყოველდღიურად 663 ადამიანი იღუპება, 2007 წელს კი ამ ვირუსისაგან აუცრელობას 242 ათასი ადამიანი შეეწირა. წითელათი და წითურათი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი რომელსაც აღნიშნული დაავადების გადატანა არ აქვს ლაბორატორიული ანალიზით დადასტურებული ან რომელიც არ არის ორჯერ აცრილი. სწორედ ამიტომ, წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია მოუწოდებს 6 დან 27 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობას წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციისაკენ. აცრები ჩატარდება პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვაქცინა უსაფრთხოა, აცრები კი უფასო!
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო PUBLICITY.GE
|